ომანის სანაპიროსთან სანქცირებულ ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა
ომანის სანაპიროსთან პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ Skylight-ზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ოთხი წევრი დაშავდა. ინფორმაციას BBC ომანის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი ხასაბის პორტიდან დაახლოებით 8 კილომეტრში მოხდა. თავდასხმის შემდეგ 20 ადამიანი ევაკუირდა, მათ შორის ინდოეთის 15 და ირანის 5 მოქალაქე. ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, რა ტიპის იარაღი გამოიყენეს.
Reuters-ის ცნობით, ტანკერის მფლობელია Sea Force Inc, ხოლო მართვას Red Sea Ship Management ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიასა და გემს 2025 წლის დეკემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა, ირანული ნავთობის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით ტრანსპორტირების ბრალდებით.