ახლო აღმოსავლეთი ომის ზღვარზეა - ბოლო ცნობები ირანიდან
47-წლიანი მმართველობის შემდეგ, რამდენიმე ზუსტი სარაკეტო დარტყმა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ აიათოლა ალი ხამენეი სრულად განეიტრალებულიყო. არსებული ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვას წინასწარ ჰქონდა მონაცემები უზენაესი ლიდერის ადგილსამყოფელის შესახებ. ცნობილია, რომ იმ საღამოს ხამენეი საკუთარ რეზიდენციაში მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკურ პირებს ხვდებოდა. შენობაში იმყოფებოდა მისი ოჯახის მინიმუმ ხუთი წევრი და ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაახლოებით ათი მაღალჩინოსანი. უმეტესობა სწორედ თეირანში მომხდარი პირველი აფეთქებების დროს დაიღუპა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპერაცია თავდაპირველად სხვა დროისთვის იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ბოლო წუთებში შეიცვალა. ისრაელის ავიაციამ იერიში ზუსტი, შორი მოქმედების აერობალისტიკური რაკეტებით მიიტანა, რის შედეგადაც ხამენეი და რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და უსაფრთხოების წარმომადგენელი დაიღუპა.
Washington Post-ის ინფორმაციით, ოპერაციის დაგეგმვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საუდის არაბეთის კრონპრინცმა. გამოცემა წერს, რომ მან რამდენჯერმე დაურეკა დონალდ ტრამპს და დაარწმუნა, რომ ირანზე დარტყმისთვის მომენტი ოპტიმალური იყო. ამავე პერიოდში, კრონპრინცი თეირანს არწმუნებდა, რომ ვითარება დიპლომატიური გზით მოგვარდებოდა.
სამხედრო ოპერაცია გამთენიისას დაიწყო. პირველ ეტაპზე თეირანის საჰაერო სივრცე ისრაელის ავიაციამ გაარღვია. ძირითადი სამიზნეები იყო აიათოლას რეზიდენცია და რამდენიმე სამთავრობო ობიექტი. მალევე შავი კვამლი გამოჩნდა უზენაესი ლიდერის საცხოვრებელი კომპლექსიდან.
სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა კადრები, სადაც მოქალაქეები ქუჩებში სკანდირებდნენ: „სიკვდილი ხამენეის“. ირანის ხელისუფლება რამდენიმე საათის განმავლობაში არ ადასტურებდა ინფორმაციას, თუმცა მოგვიანებით სახელმწიფო მედიამ ოფიციალურად დაადასტურა აიათოლას გარდაცვალება. ინფორმაცია მაყურებელს ატირებულმა წამყვანებმა გააცნეს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.