ისრაელი და აშშ ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას აგრძელებენ - ბოლო ცნობები
თეირანში აფეთქებებია. რევოლუციის გუშგთა კორპუსის პოლიტიკური და სამხედრო ობიექტები ცეცხლის ალშია გახვეული. განადგურებულია ირანის საჰაერო თავდაცვის მორიგი კომპლექსი და სარაკეტო გამშვები კომპლექსები. სამხედრო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ახლაც მიმდინარეობს.
ჩვენი ძალები ახლა თეირანის გულში მზარდი ინტენსივობით ურტყამენ და ეს კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო დღეებში. აშშ-სა და ისრაელის ძალების გაერთიანება საშუალებას იძლევა, გავაკეთოთ ის, რაც 40 წლის განმავლობაში გვსურდა - გადამწყვეტად დავარტყათ ტერორისტულ რეჟიმს. ეს არის ის, რა დაპირებაც გავეცით და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. არის საპასუხო თავდასხმებიც. ეს მტკივნეული დღეებია. მინდა, დაჭრილებს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
აფეთქებების ხმები ისმის თელ-ავივშიც. აღსანიშნავია, რომ ადგილზე განგაშის სიგნალი არ ჩართულა. ჭურვების ნაწილი წყალში ჩავარდა, ნაწილი კი გაანადგურეს.
მძიმე ღამე იყო იერუსალიმშიც. ირანული ჭურვის ნამსხვრევები მოძრაოვ ავტომობილს მოხვდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელში რაკეტები გადაისროლეს ლიბანიდანაც. საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც ლიბანის მთავრობამ დემილიტარიზებულად გამოაცხადა. იერიშებს საპასუხო დარტყმებით უპასუხა ისრაელმაც. "ჩვენ დავიწყეთ შეტევითი კამპანია ჰეზბოლას წინააღმდეგ, ჩვენ აღარ ვიცავთ თავს - ჩვენ ვუტევთ! უნდა მოვემზადოთ რამდენიმე დღიანი შეტევითი ოპერაციისთვის" - აცხადებენ ნეთანიაჰუს მთავრობაში.