ტრამპის თქმით, ირანზე დარტყმები, სავარაუდოდ, 4 კვირა გაგრძელდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. ამის შესახებ The Daily Mail წერს.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ირანი დიდი ქვეყანაა და ამიტომ ვარაუდობენ, რომ პროცესი დაახლოებით ოთხ კვირას გასტანს.
„ეს ყოველთვის ოთხკვირიანი პროცესი იყო. ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით ოთხი კვირა დასჭირდება. ირანი დიდი ქვეყანაა და ამას ოთხი კვირა ან ნაკლები დრო დასჭირდება“, - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ განხორციელებული დარტყმების შედეგებმა არ გააკვირვა.
„ვფიქრობ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. უფრო მეტიც, ჩვენ გავანადგურეთ მათი მთელი ხელმძღვანელობა — ბევრად მეტი, ვიდრე ველოდით. როგორც ჩანს, 48 ადამიანი“, — თქვა მან.
ამასთან, მან დაადასტურა, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. გამოცემა წერს, რომ მათი ვინაობა ჯერ არ გასაჯაროებულა.
„ეს შესანიშნავი ადამიანები იყვნენ. სამწუხაროდ, მსგავს შემთხვევებს ველოდებით. ეს შეიძლება მუდმივად ხდებოდეს — და შეიძლება კვლავაც მოხდეს“, — განაცხადა ტრამპმა.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპი მზად არის ირანთან შემდგომი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ვერ დააკონკრეტა, გაიმართება თუ არა ისინი მალე.
„არ ვიცი. მათ სურთ საუბარი, მაგრამ ვუთხარი, რომ ეს გასულ კვირას უნდა გაეკეთებინათ და არა ამ კვირას“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.