ქუვეითში ამერიკული გამანადგურებლები ჩამოვარდა - აშშ-ის საელჩომ მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდა

02.03.26 13:09
ქუვეითში ამერიკული გამანადგურებლები ჩამოვარდა - აშშ-ის საელჩომ მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდა

ქუვეითში ერთდროულად რამდენიმე ინციდენტი მოხდა - ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ჩამოვარდა, ხოლო აშშ-ის საელჩოსთან უსაფრთხოების ოპერაცია მიმდინარეობს.

ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით რამდენიმე ამერიკული გამანადგურებელი ჩამოვარდა. უწყების ცნობით, ეკიპაჟის წევრები უვნებლად გადარჩნენ და ჯანმრთელობის შემოწმებისთვის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„დღეს დილით რამდენიმე ამერიკული გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ისინი უვნებლად გადარჩნენ და ჯანმრთელობის შემოწმებისთვის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობს და შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

„სიენენის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი გამანადგურებელი ქუვეითში მდებარე აშშ-ის საჰაერო ბაზის მახლობლად ჩამოვარდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, თვითმფრინავი აშშ-ის ალი ალ სალემის ბაზიდან დაახლოებით 10 კილომეტრის რადიუსში ჩამოვარდა. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ავარია და რომელ საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა აპარატი.

პარალელურად, მედიის ცნობით, ინციდენტი მოხდა ქუვეითში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზეც. „როიტერის“ ინფორმაციით, შენობიდან კვამლი ამოდიოდა და ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

შექმნილი ვითარების გამო, ქუვეითში აშშ-ის საელჩომ საკუთარ მოქალაქეებს უსაფრთხოების გაფრთხილება გაუგზავნა. საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ მივიდნენ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და დარჩნენ საცხოვრებელ ადგილებში.

„არ მიხვიდეთ საელჩოში. გადაადგილდით თქვენი საცხოვრებლის ყველაზე დაბალ სართულზე, ფანჯრებისგან მოშორებით. გარეთ არ გახვიდეთ“, – ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინსტრუქციაში.

ამ დროისთვის ინციდენტების დეტალები ზუსტდება.

მსგავსი სიახლეები