კვიპროსში, ბრიტანეთის საჰაერო ბაზაზე დრონით განხორციელებული თავდასხმის გამო, ევროკავშირის მინისტრების დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. ინციდენტმა ქვეყნის საჰაერო მიმოსვლაზეც მოახდინა გავლენა.
„ჩვენ გვქონდა ერთი, იზოლირებული ინციდენტი, როდესაც კვიპროსში, აკროტირიში, ბრიტანული ბაზა უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე გახდა. მოვლენების მოულოდნელი განვითარების გათვალისწინებით, რომელმაც სამწუხაროდ გავლენა მოახდინა კვიპროსში დღევანდელ ფრენებზე, კვიპროსის თავმჯდომარეობამ გადაწყვიტა, ზოგადი საქმეთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გადადოს“, - განაცხადა კვიპროსის თავმჯდომარეობის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, დრონის წარმომავლობა ამ ეტაპზე ზუსტდება.
„უპილოტო საფრენი აპარატის ზუსტი წარმომავლობა ამჟამად დაზუსტების პროცესშია, თუმცა დადასტურდა, რომ რესპუბლიკა თავდასხმის სამიზნე არ ყოფილა“, - დასძინა პრესსპიკერმა.
კვიპროსში განთავსებულია დიდი ბრიტანეთის ორი სუვერენული სამხედრო ბაზა. ქვეყანა ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოა.