კაია კალასი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

02.03.26 15:19
კაია კალასი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი კაია კალასი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილია, რომ მხარეებმა განიხილეს რეგიონში მზარდი სამხედრო დაძაბულობისა და ესკალაციის შედეგად გამოწვეული უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, დადებითად შეფასდა აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი როლი ირანიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების, ევაკუაციაში.

„მხარეებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს დაპირისპირების შედეგად შექმნილი ვითარების გამო და ხაზი გაუსვეს კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარების მნიშვნელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე.