აიათოლას რეჟიმის სამთავრობო კვარტალი მიწასთან არის გასწორებული - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან
ირანში უზენაესი ლიდერის არჩევის პროცესს ისრაელის საჰაერო იერიში დაემთხვა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა ირანის სამთავრობო კვარტალზე იმ დროს, როცა ექსპერტთა საბჭოს 88 წევრი ახალი აიათოლას არჩევის საკითხს განიხილავდა. ისრაელის მედიის ცნობით, დარტყმა კენჭისყრის მიმდინარეობისას განხორციელდა. არაოფიციალური ინფორმაციით, 88-ე წევრი ლიკვიდირებულია, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
გავრცელებული კადრების მიხედვით, დაზიანებულია სამთავრობო კომპლექსის რამდენიმე შენობა. გრაფიკული მასალებით იკვეთება, რომ დაბომბილია პრეზიდენტის ოფისი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შენობა, მეჯლისი და სამხედრო ოფიცრების მოსამზადებელი ცენტრი. აღნიშნული ტერიტორია ირანში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ზონად ითვლება.
ბრიტანული გამოცემა Financial Times წერს, რომ აიათოლა ალი ხამენეის გადაადგილებაზე ისრაელის სპეცსამსახურები წლების განმავლობაში მუშაობდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ისრაელმა წვდომა მოიპოვა თეირანის საგზაო კამერების სერვერებზე და ამ გზით აკონტროლებდა ლიდერის გადაადგილებასა და უსაფრთხოების დეტალებს. ანგარიშის თანახმად, ოპერაციის დღეს ირანში მობილური კავშირის ანძები დროებით გაითიშა, რის შემდეგაც განხორციელდა ავიაიერიში ლიდერის რეზიდენციაზე.
შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, რეგიონში მიმდინარე ოპერაციები ჯერ დასრულებული არ არის და სამხედრო ფაზის შემდგომი ეტაპებიც მოსალოდნელია.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.