ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე Arctic Metagaz ხანძარი გაჩნდა

04.03.26 12:33
ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე Arctic Metagaz ხანძარი გაჩნდა

რუსეთის დროშით მცურავ გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) ტანკერზე Arctic Metagaz ხმელთაშუა ზღვაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters საზღვაო უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გემი, რომელიც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა, ბოლოს დაფიქსირდა მალტის სანაპიროსთან, გემების მონიტორინგის პლატფორმა MarineTraffic-ის მონაცემებით.

მალტის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მათ მიიღეს საგანგებო სიგნალი ტანკერიდან და მოგვიანებით ეკიპაჟის წევრები სამაშველო ნავში იპოვეს ლიბიის საძიებო-სამაშველო ზონაში.

წყაროების ნაწილი ვარაუდობს, რომ ხანძარი შესაძლოა საზღვაო სამხედრო დრონის თავდასხმას უკავშირდებოდეს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

რუსული გემის ოპერატორმა SMP Techmanagement-მა, გაზის მწარმოებელმა Novatek-მა და რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გააკეთეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსაც ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.