საკმაოდ რთული ვითარებაა გარშემო, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის უფრო გაღრმავება - კობახიძე ფაშინიანს

04.03.26 13:07
საკმაოდ რთული ვითარებაა გარშემო, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის უფრო გაღრმავება - კობახიძე ფაშინიანს

ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო და სომხეთი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მუშაობენ.

"ოცნების" პრემიერის თქმით, დღეს გაიმართა საქართველო–სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა, სადაც ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

„დღეს გაიმართა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა, სადაც წარმოდგენილი იყვნენ შესაბამისი მთავრობების წარმომადგენლები და მინისტრები. შედგა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის თანამშრომლობას. ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება,“ — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს ისტორიული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

„ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის. ამას ეფუძნება ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის დამყარებული საქართველოსა და სომხეთს შორის. თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და საერთო ინტერესებს,“ — აღნიშნა " ქართული ოცნების" პრემიერმა.

კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა სომხეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა ჩვენს მეგობრებს გაეროში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის,“ — განაცხადა მან.

"ოცნების" პრემიერის თქმით, საქართველო-სომხეთს შორის მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებია.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. სავაჭრო დონის თვალსაზრისით სომხეთი საქართველოს პარტნიორების ათეულშია, ხოლო ტურიზმის კუთხით სამეულში იკავებს ადგილს. ჩვენთვის ძალიან ღირებულია თანამშრომლობის ეს ასპექტი,“ — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

„გვინდა, ხაზი გავუსვათ ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ კუთხით საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს,“ — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, რეგიონში დადებითი ტენდენციებია და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

მსგავსი სიახლეები