ტრამპი ირანის ახალ ლიდერზე: „მას ჩვენი თანხმობა დასჭირდება“

09.03.26 10:13
ტრამპი ირანის ახალ ლიდერზე: „მას ჩვენი თანხმობა დასჭირდება“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ახალი ლიდერი დიდხანს ვერ გაძლებს, თუ ის ვაშინგტონის მხარდაჭერას არ მიიღებს. ამის შესახებ მან ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„მას ჩვენი თანხმობა დასჭირდება. თუ ჩვენი თანხმობა არ ექნება, დიდხანს ვერ გაძლებს. არ მინდა, ხუთ წელიწადში ისევ იგივე მოხდეს ან მათ ბირთვული იარაღის ქონის საშუალება მიეცეთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ირანი ადრე მთელი ახლო აღმოსავლეთის დაპყრობას გეგმავდა, თუმცა ამ გეგმებს ხელი შეეშალა.

„ის ქაღალდის ვეფხვია. ერთი კვირის წინ ქაღალდის ვეფხვი არ იყო. მათი გეგმა იყო მთელი ახლო აღმოსავლეთის დაპყრობა“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო ოპერაციების შედეგად ირანის სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად დასუსტდა.

„ჩვენ ჩავაძირეთ მათი 44 გემი — ფაქტობრივად მთელი ფლოტი. გავანადგურეთ მათი ავიაცია, კომუნიკაციები და საჰაერო თავდაცვის სისტემა. მათ პრაქტიკულად აღარ აქვთ თავდაცვა“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ბენზინის ფასების ზრდა „მცირე დაბრკოლებაა“ და დაამატა:

„ჩვენ გრაფიკსაც ვუსწრებთ და შედეგებსაც.“

მსგავსი სიახლეები