ტრამპი: არ დავუშვებ, რომ ტერორისტულმა რეჟიმმა მსოფლიო მძევლად აიყვანოს
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია „მოკლევადიანი ექსკურსია“ იყო და მისი თქმით, ამერიკულმა ძალებმა რამდენიმე დღეში გაანადგურეს მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები, მათ შორის საზღვაო ფლოტი.
პრეზიდენტის განცხადებით, ირანი ახლო მომავალში ფართომასშტაბიან თავდასხმას ამზადებდა ახლო აღმოსავლეთსა და ისრაელზე, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივით, რის გამოც ვაშინგტონმა პრევენციული სამხედრო მოქმედება გადაწყვიტა და გააფრთხილა თეირანი, რომ ნებისმიერი საპასუხო ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერ დარტყმას გამოიწვევს.
ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად მიდის. ვგულისხმობ ისეთ დონეს, რომელიც ვერავის წარმოედგინა. ჩვენ პატარა „ექსკურსია“ ჩავატარეთ, რადგან ვიგრძენით, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა ბოროტებისგან თავის დასაღწევად. ვფიქრობ, ნახავთ, რომ ეს მოკლევადიანი ექსკურსია იქნება.
რამდენად კარგია ჩვენი სამხედრო ძალები, არა?! მე სამხედრო ძალები აღვადგინე. არ მეგონა, რომ მეორე ვადის განმავლობაში ასე ხშირად მომიწევდა მისი გამოყენება.
საზღვაო ფლოტი გაქრა — ყველაფერი ოკეანის ფსკერზეა. 51 გემი. წარმოგიდგენიათ? ამას სამ-ნახევარი დღე დასჭირდა. ერთ კვირაში ისინი ჩვენზე თავდასხმას აპირებდნენ — ასი პროცენტით. მათ ჰქონდათ უამრავი რაკეტა, გაცილებით მეტი, ვიდრე ვინმეს ეგონა, და ისინი ჩვენზე თავდასხმას ამზადებდნენ.
ისინი მთელ ახლო აღმოსავლეთსა და ისრაელზე თავდასხმას აპირებდნენ და, ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში, მას ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. ეს იქნებოდა მასშტაბური თავდასხმა.
ზოგიერთი სამიზნე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აშშ-ის სამხედროები ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნეს იტოვებენ იმ შემთხვევისთვის, თუ ამის გაკეთება დაგვჭირდება. თუ მათ დავარტყამთ, მათი აღდგენა მრავალი წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება — ეს ეხება ელექტროენერგიის წარმოებას და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასაც.
მიუხედავად უამრავი შესაძლებლობისა, რომ უარი ეთქვათ ბირთვულ ამბიციებზე, მათ სულ ცოტა ხნის წინ ბატონ უიტკოფს უთხრეს — მოკლედ რომ ვთქვათ: „ჩვენ გვინდა ბირთვული იარაღის შექმნის გაგრძელება.“
ირანი ძალიან ძლიერი ქვეყანაა და ის ახლო აღმოსავლეთს დაიპყრობდა. თუ ჩვენ მათ არ დავარტყამდით, ისინი რეგიონს დაიპყრობდნენ.
იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნისთვის იგივე პრობლემის გაგრძელებას გამოიწვევს. ამიტომაც იმედგაცრუებული დავრჩი მათი არჩევანის ნახვით.
მე არ დავუშვებ, რომ ტერორისტულმა რეჟიმმა მსოფლიო მძევლად აიყვანოს და შეეცადოს, შეაჩეროს მსოფლიოს ნავთობის მიწოდება. თუ ირანი ამის გაკეთებას შეეცდება, ისინი გაცილებით უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებენ.
მე გავანადგურებ იმ სამიზნეებს. ჩვენ მათ ისე სწრაფად გავანადგურებთ, რომ ისინი ვერასდროს შეძლებენ აღდგენას.
ეს უბრალოდ „ექსკურსია“ იყო. და ჩვენ უკვე ძალიან ახლოს ვართ მის დასრულებასთან, - განაცხადა ტრამპმა.