ევროკავშირის ლიდერები ენერგომატარებლების ფასების ზრდის პრობლემის გადაჭრის გზებს განიხილავენ - Politico
ევროპელი ლიდერები 10 მარტს ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდის საკითხზე წინასწარ შეხვედრას გამართავენ, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება, - წერს Politico ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. შეხვედრა, რომლის ორგანიზატორებიც გერმანია, ბელგია და იტალია არიან, 19 მარტს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომისთვის მოსამზადებლად იმართება.
დიპლომატების ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის ლიდერთა „ორნიშნა რაოდენობა“ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა კონკრეტული მონაწილეების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ნავთობის ფასის 100 დოლარზე მაღლა ზრდისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ევროკავშირში ცდილობენ თავიდან აიცილონ შესაძლო ენერგეტიკული და ინფლაციური კრიზისი. ამავე მიზნით, G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა უკვე გამართეს კონსულტაციები ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებაზე.