ირანი ორმუზის სრუტის დანაღმვას იწყებს - ტრამპი „უპრეცედენტო შედეგებით“ იმუქრება
ირანმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით CBS News-ის თეთრი სახლის კორესპონდენტმა ჯენიფერ ჯეიკობსმა დაწერა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, სრუტის დანაღმვისთვის ირანი მცირე ზომის კატერებს იყენებს. თითოეულ ასეთ კატერს შეუძლია 2-დან 3 საზღვაო ნაღმის გადაზიდვა.
„მიუხედავად იმისა, რომ ირანის ნაღმების მარაგი საჯაროდ ზუსტად ცნობილი არ არის, შეფასებების მიხედვით, წლების განმავლობაში მათი რაოდენობა დაახლოებით 2000-დან 6000 საზღვაო ნაღმამდე მერყეობდა. ეს ნაღმები ირანული, ჩინური და რუსული წარმოებისაა“, — წერს ჯენიფერ ჯეიკობსი.
ამ ცნობებს უკვე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან ირანს კიდევ ერთხელ დაემუქრა „უპრეცედენტო“ შედეგებით.
„თუ ირანმა ორმუზის სრუტეში ნაღმები განათავსა, და ჩვენ ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ გვაქვს, მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ ამოღებას! თუ რაიმე მიზეზით ნაღმები მართლაც განთავსებულია და დაუყოვნებლივ არ იქნება ამოღებული, ირანისთვის სამხედრო შედეგები უპრეცედენტო იქნება. ხოლო თუ ისინი ამოიღებენ იმას, რაც შესაძლოა უკვე განთავსებულია, ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი სწორი მიმართულებით“, — დაწერა მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში.