WSJ: პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით საზღვაო ქვეითებსა და სამხედრო გემებს გზავნის
ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეზე თავდასხმების გაძლიერების ფონზე, პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით საზღვაო ქვეითებსა და სამხედრო ხომალდებს გზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პიტ ჰეგსეთმა დაამტკიცა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თხოვნა, მიეღოთ დამატებითი საზღვაო მზადყოფნის ჯგუფი, თავისი საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ქვედანაყოფით. წყაროების თქმით, მსგავსი ჯგუფები რამდენიმე საბრძოლო ხომალდსა და 5 000 საზღვაო ქვეითს მოიცავს.
ანონიმური წყაროები WSJ-ს უყვებიან, რომ იაპონიაში ბაზირებული ხომალდი USS Tripoli და მასთან დაკავშირებული საზღვაო ქვეითები ახლა ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართებიან.
მათივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში მყოფი საზღვაო ქვეითები უკვე მონაწილეობენ ირანის წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციებში.