Reuters: აშშ ამ ეტაპზე ირანთან მოლაპარაკებებს არ განიხილავს

15.03.26 10:10
Reuters: აშშ ამ ეტაპზე ირანთან მოლაპარაკებებს არ განიხილავს

აშშ-მა ირანთან ომის შეწყვეტის შუამდგომლობები უარყო და სამხედრო ოპერაციის გაგრძელებაზეა ფოკუსირებული. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანამ ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიალოგის დაწყება სცადა. განსაკუთრებით აქტიური იყო ომანი, რომელიც ტრადიციულად შუამავლის როლს ასრულებს, თუმცა თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ განიხილავს.

თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, დონალდ ტრამპმა მსგავსი ინიციატივები უარყო და ყურადღება სამხედრო ოპერაციაზე გადაიტანა, რომლის მიზანი ირანის სამხედრო პოტენციალის კიდევ უფრო დასუსტებაა.

„ის ახლა ამით არ არის დაინტერესებული და ოპერაციას ცვლილებების გარეშე გავაგრძელებთ. შესაძლოა დრო დადგეს, მაგრამ ახლა არა,“ — განაცხადა წყარომ.

თავის მხრივ, ირანმაც უარყო ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა მანამ, სანამ აშშ და ისრაელი ავიადარტყმებს არ შეწყვეტენ. თეირანი აცხადებს, რომ ზავს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ თავდასხმები შეწყდება და ზარალის კომპენსაციის საკითხიც განიხილება.