კუბაში დემონსტრანტებმა კომუნისტური პარტიის ოფისი დაარბიეს
კუბაში დემონსტრანტებმა ცენტრალურ ქალაქ მორონში კომუნისტური პარტიის ადგილობრივი ოფისი დაარბიეს. საპროტესტო აქცია, რომელიც თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, მოგვიანებით ძალადობაში გადაიზარდა — მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ, ავეჯი და ტექნიკა გარეთ გამოიტანეს და ქუჩაში ცეცხლი წაუკიდეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა ვანდალიზმის ბრალდებით. თავდასხმის დროს დაზიანდა ახლომდებარე ობიექტებიც, მათ შორის აფთიაქი და რამდენიმე მაღაზია.
პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია. მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს ხანგრძლივი ელექტროენერგიის გათიშვების, საკვების დეფიციტისა და ცხოვრების გაუარესებული პირობების გამო.
კუბაში მსგავსი საჯარო გამოსვლები იშვიათია, თუმცა ბოლო პერიოდში ენერგეტიკული და ეკონომიკური პრობლემების ფონზე მოსახლეობის უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება.