ტრამპი: ჰორმუზის სრუტის გახსნაში, პირველ რიგში, ის ქვეყნები უნდა დაგვეხმარონ, რომლებიც იქიდან ნავთობს იღებენ

16.03.26 10:24
ტრამპი: ჰორმუზის სრუტის გახსნაში, პირველ რიგში, ის ქვეყნები უნდა დაგვეხმარონ, რომლებიც იქიდან ნავთობს იღებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის საკითხში აქტიური როლი იმ ქვეყნებმა უნდა ითამაშონ, რომლებიც ამ საზღვაო გზით სარგებლობენ.

ტრამპის თქმით, განსაკუთრებით ევროპა და ჩინეთი არიან დამოკიდებული სპარსეთის ყურეში მოპოვებულ ნავთობზე, რომელიც სწორედ ჰორმუზის სრუტის გავლით მიეწოდებათ მსოფლიო ბაზრებს.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა გააფრთხილა, რომ თუ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან სათანადო რეაგირება არ იქნება, ეს შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ნატო-ს მომავალზეც.

„თუ პასუხი არ იქნება ან თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი იქნება ნატო-ს მომავლისთვის,“ — განაცხადა დონალდ ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები ევროპელი მოკავშირეების მიმართ წლების განმავლობაში „ძალიან კეთილი“ იყო და არაერთ შემთხვევაში დაეხმარა მათ, მათ შორის უკრაინის საკითხშიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონფლიქტი ამერიკისგან გეოგრაფიულად შორს მდებარეობს.

„ჩვენ არ გვჭირდებოდა მათთვის დახმარების გაწევა უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილის დაშორებითაა, მაგრამ დავეხმარეთ მათ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი. რადგან დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, მაგრამ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ჩვენ გვერდით იქნებიან,“ — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე ისაუბრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან პეკინში მარტის ბოლოს დაგეგმილ შეხვედრაზეც და აღნიშნა, რომ ვიზიტი შესაძლოა გადაიდოს.

მისი თქმით, ვაშინგტონი ჩინეთისგან ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებას ელის, რადგან ქვეყნის ნავთობის დაახლოებით 90% სწორედ ამ სტრატეგიული საზღვაო მარშრუტით მიეწოდება.