მედია: ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი მოსკოვში მკურნალობს

16.03.26 10:54
მედია: ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი მოსკოვში მკურნალობს

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი ამჟამად მოსკოვში იმყოფება, სადაც ის მკურნალობას გადის ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ რეზიდენციასთან არსებულ კლინიკაში. ამის შესახებ გამოცემა AJ Jariba იტყობინება ირანის ახალი უზენაესი ლიდერის გარემოცვასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ხამენეის ოპერაცია დასჭირდა აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო. იგი მოსკოვში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავით გადაიყვანეს, მკაცრად გასაიდუმლოებული ოპერაციის ფარგლებში.

წყაროს თქმით, ხამენეიმ ოპერაცია წარმატებით გადაიტანა და ამჟამად მკურნალობას გადის პუტინის ერთ-ერთ საპრეზიდენტო სასახლესთან არსებულ კერძო კლინიკაში. მისი განცხადებით, აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შემდეგ ირანის ახალ უზენაეს ლიდერს დასჭირდა მაღალტექნოლოგიურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაცია და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა, რაც ირანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პირობებში უზრუნველყოფილი ვერ იქნებოდა.

ამასთან, წყარომ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ირანის უსაფრთხოების სამსახურები შეშფოთებული იყვნენ ხამენეის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის შესაძლო გაჟონვით. სწორედ ამ მიზეზით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მისი მკურნალობა რუსეთში ჩატარებულიყო.