ორბანმა რუსეთთან კავშირების ბრალდებების ფონზე, სიიარტოს სავარაუდო ფარული მოსმენის შესახებ გამოძიების ბრძანება გასცა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთთან კავშირების ბრალდებების ფონზე პიტერ სიიარტოს სავარაუდო ფარული მოსმენის შესახებ გამოძიების ბრძანება გასცა.
ორბანის თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ფარულად უსმენდნენ - "გვაქვს იმის ნიშნებიც, თუ ვინ შეიძლება ამის უკან იდგეს"
„ორ სერიოზულ საკითხთან გვაქვს საქმე: არსებობს იმის მტკიცებულება, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ფარულად უსმენდნენ და ასევე, გვაქვს იმის ნიშნებიც, თუ ვინ შეიძლება ამის უკან იდგეს. ამის დაუყოვნებლივ გამოძიება უნდა მოხდეს“, - დაწერა ორბანმა X-ზე.
ამერიკული გამოცემა The Washington Post წერს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო ევროკავშირის დახურულ შეხვედრებზე მიღებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს უზიარებდა.
გამოცემის ანონიმური წყაროების ცნობით, სიიარტო ევროპული საბჭოს შეხვედრების დროს შესვენებებზე რეგულარულად უკავშირდებოდა ლავროვს და ატყობინებდა, რას განიხილავდნენ ევროპელი ლიდერები, რა გეგმები ჰქონდათ და როგორ ხედავდნენ არსებული პრობლემების გადაჭრას.
ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, „წლების განმავლობაში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრების დროს მაგიდის ქვეშ მოსკოვი იყო.“
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც არჩევნების წინ პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელდა.