კაია კალასი და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდნენ.
დღეს საბჭოს სხდომა სწორედ კიევში გაიმართება. ვიზიტი დაემთხვა ბუჩას სისხლისღვრის წლისთავს.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიევში. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ბუჩას ხოცვა-ჟლეტის საშინელ წლისთავს. იმ დღეს, დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობის საშინელმა სურათებმა მთელი მსოფლიო შეძრა. ამ დღეს ევროპის ასეთი ძლიერი ყოფნა აჩვენებს, რომ ამ და სხვა რუსული სისასტიკისთვის სამართალი გარდაუვალია.
ეს ვიზიტი ნამდვილი სიმამაცისა და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშანია. მადლობელი ვარ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის და ყველა ევროპელი კოლეგის, რომლებიც დღეს უკრაინაში ჩამოვიდნენ”, - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა .
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი აგოს.
„კარგია, რომ დღეს კიევში ვიმყოფები ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად. თითოეული ვიზიტი უკრაინის გამბედაობისა და მდგრადობის ძლიერი შეხსენებაა. ევროპა თქვენ გვერდით დგას. ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო, ფინანსური, ენერგეტიკული და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაწევას“, - წერს კალასი სოციალურ ქსელში.