"ყოველთვის თქვენს განკარგულებაში ვარ" - ვრცელდება ლავროვისა და სიიარტოს სატელეფონო ჩანაწერი

31.03.26 13:13
"ყოველთვის თქვენს განკარგულებაში ვარ" - ვრცელდება ლავროვისა და სიიარტოს სატელეფონო ჩანაწერი

რუსი ოლიგარქების კომპანიებისა და ბანკების სანქციების სიიდან ამოსაღებად, უნგრეთი კრემლთან ფარულად თანამშრომლობდა. ამის შესახებ ვრცელ სტატიას VSquare-ი ავრცელებს.

გამოცემის საგამოძიებო სტატია უნგრეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, პიტერ სიიარტოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრებს და სიიარტოსა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების საუბრების სტენოგრამას ეყრდნობა. 

სტატიის მიხედვით, 2024 წლის 30 აგვისტოს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პეტერ სიიარტოს, სანქტ-პეტერბურგიდან ბუდაპეშტში ჩასვლიდან სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ, რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა დაურეკა. 

გამოცემის ცნობით, ლავროვი სიიარტოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვის დავალებით ურეკავდა, რომელმაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისი დის, გულბაჰორ ისმაილოვას ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღება სთხოვა, რაზეც სიიარტო დახმარებას დაპირდა. 

  • რუსეთ-უზბეკეთის მაგნატმა უსმანოვმა თავისი ქონება სამთო მოპოვებაში, მრეწველობაში, ტელეკომუნიკაციებსა და მედიაში დააგროვა. მას პუტინის ერთ-ერთ საყვარელ ბიზნესმენად მოიხსენიებენ, რომელსაც "განსაკუთრებით მჭიდრო კავშირები" აქვს რუსეთის პრეზიდენტთან - აღნიშნულია სტატიაში. 

ლავროვი: - ალიშერის თხოვნით გირეკავთ. მან მთხოვა, შეგახსენოთ, რომ მის დასთან დაკავშირებით რაღაცას აკეთებთ.

სიიარტო: - დიახ, აბსოლუტურად. საქმე შემდეგშია, რომ სლოვაკებთან ერთად ჩვენ ევროკავშირს წარვუდგენთ წინადადებას მისი სიიდან ამოღების შესახებ. ჩვენ მას მომავალ კვირას წარვადგენთ და რადგან ახალი განხილვის პერიოდი დაიწყება, ის დღის წესრიგში დადგება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის სიიდან ამოვიღოთ.

ცნობისთვის, შვიდი თვის შემდეგ ისმაილოვა ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოიღეს.

ამასთან სატელეფონო საუბარში უნგრელმა და რუსმა კოლეგებმა მაშინდელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი გააკრიტიკეს. 

საუბრის დროს ჯოზეფ ბორელს ლავროვმა "ყველაზე დიდი იმედგაცრუება" უწოდა,  ხოლო სიიარტომ "ევროპელი ბაიდენი".

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ სატელეფონო ზარის დასრულებამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთში "გაზპრომის" ახალ შტაბ-ბინაზე ისაუბრა და დაამატა: "მე ყოველთვის თქვენს განკარგულებაში ვარ".

შეგახსენებთ, რომ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო ევროკავშირის დახურულ შეხვედრებზე მიღებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს უზიარებდა.

მსგავსი სიახლეები