ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს უარყოფს — აბას არაღჩი აცხადებს, რომ კონტაქტი მხოლოდ კომუნიკაციის დონეზეა

01.04.26 10:31
ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს უარყოფს — აბას არაღჩი აცხადებს, რომ კონტაქტი მხოლოდ კომუნიკაციის დონეზეა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან არსებობს. ამის შესახებ მან „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

მინისტრის თქმით, მას პირდაპირი არხით აქვს კონტაქტი სტივ უიტკოფთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხარეები მოლაპარაკების პროცესში არიან ჩართული.

„როგორც ადრე, უიტკოფისგან შეტყობინებებს პირდაპირ ვიღებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებში ვართ ჩართული. სიმართლე არ არის ის, რომ ირანში რომელიმე მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ყველა შეტყობინების გადაცემა ან მიღება საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ხდება, ასევე კომუნიკაცია უსაფრთხოების სააგენტოებს შორისაც არის“, - განაცხადა არაღჩიმ.

არაღჩიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონის მიმართ ნდობა პრაქტიკულად არ არსებობს და ირანი სკეპტიკურად უყურებს ნებისმიერი დიალოგის პერსპექტივას.

მისი თქმით, აშშ-სთან „ნდობა ნულის დონეზეა“ და ამ ეტაპზე მოლაპარაკებების დაწყება შედეგიანად არ მიიჩნევა.

„არ გვაქვს იმის რწმენა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები რაიმე შედეგს მოიტანს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.