ყირიმში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია 29 ადამიანი
ყირიმში An-26 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია ეკიპაჟის 6 წევრი და 23 მგზავრი. ამის შესახებ Reuters-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
უწყების განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა კატასტროფის ადგილი უკვე დაადგინეს და ადგილზე მიღებული მონაცემებით, გადარჩენილი არავინაა.
„სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა An-26-ის ჩამოვარდნის ადგილი დაადგინა. შემთხვევის ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 6 წევრი და 23 მგზავრი დაიღუპა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
წინასწარი შეფასებით, ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. შემთხვევის ადგილზე მუშაობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია, რომელიც დეტალებს იკვლევს.
უწყების ინფორმაციით, An-26 ტიპის თვითმფრინავთან კავშირი 31 მარტს, მოსკოვის დროით დაახლოებით 18:00 საათზე დაიკარგა. თვითმფრინავი ყირიმის თავზე გეგმიურ ფრენას ასრულებდა.