ტრამპი: ირანში ახალი ლიდერები ნაკლებად რადიკალურები არიან
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში ახალი ლიდერები ნაკლებად რადიკალურები და უფრო გონივრულები არიან.
ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის მიზანი ირანში რეჟიმის შეცვლა არ ყოფილა, თუმცა, მისი თქმით, ცვლილება თავად პროცესებმა გამოიწვია, რადგან „მათი ყველა თავდაპირველი ლიდერი დაიღუპა“.
მისივე თქმით, თუ შეთანხმება ვერ შედგება, ვაშინგტონი მზად არის მკაცრი ნაბიჯებისთვის.
„ახალი ჯგუფი ნაკლებად რადიკალური და ბევრად უფრო გონივრულია. თუმცა, თუ ამ პერიოდში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ჩვენი ყურადღება ძირითად სამიზნეებზეა მიპყრობილი. მათ თითოეულ ელექტროსადგურს ძალიან ძლიერად და, სავარაუდოდ, ერთდროულად დავარტყამთ“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის მტკიცებით, აშშ-მა ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმა არ განახორციელა, მიუხედავად იმისა, რომ ეს „ყველაზე მარტივი სამიზნეა“, რადგან მსგავსი ნაბიჯი ქვეყანას გადარჩენისა და აღდგენის შანსს მნიშვნელოვნად შეუმცირებდა.