მოახდენს თუ არა ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდება ირანთან მოლაპარაკებებზე გავლენას - რას ამბობს ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირანის მიერ F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ჩამოგდება მოლაპარაკებების პროცესზე გავლენას არ იქონიებს.
„არა, არანაირად. ეს ომია. ჩვენ ომში ვართ“, - აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, CNN-ის ინფორმაციით, ირანმა ომის დაწყებიდან პირველი ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო. კერძოდ, საუბარია F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებელზე.
- წყაროების ცნობით, ეკიპაჟის ერთი წევრი ამერიკელებმა იპოვეს და გადაარჩინეს, ხოლო ეკიპაჟის მეორე წევრის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. მისი მდებარეობისა და მდგომარეობის სტატუსი უცნობია.
ასევე New York Times ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჰორმუზის სრუტეში ამერიკული A-10-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა.
მედიის ცნობით, პილოტმა წარმატებით შეძლო კატაპულტირება ‐ შემდეგ კი, განხორციელდა მისი ევაკუაცია.
ჯერჯერობით უცნობია, ირანული საზენიტო რაკეტა მოხვდა ბორტს თუ ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.