ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე თეირანს უარი არასდროს უთქვამს
აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე თეირანს უარი არასდროს უთქვამს - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩმა X-ზე დაწერა.
„ამერიკული მედია ირანის პოზიციას არასწორად წარმოაჩენს. ჩვენ პაკისტანის ძალისხმევის მადლიერები ვართ და ისლამაბადში ჩასვლაზე უარი არასდროს გვითქვამს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჩვენზე თავსმოხვეული ამ უკანონო ომის საბოლოო და ხანგრძლივი დასრულების პირობებია“, - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი X-ზე.
The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ასევე, თეირანმა ვაშინგტონს აცნობა, რომ ისლამაბადში უახლოეს დღეებში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზად არ არის.