ირანში ცეცხლის შეწყვეტას „ისტორიულ მიღწევად“ აფასებენ
ირანში აშშ-სთან მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მნიშვნელოვან გამარჯვებად აფასებენ. პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ ქვეყანა ერთიანობას შეინარჩუნებს და ყველა მიმართულებით, დიპლომატიიდან თავდაცვამდე, ერთიანად იმოქმედებს.
„ირანის სასურველი ზოგადი პრინციპების მიღებით შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი დიდი მოწამე ლიდერის, ხამენეის, სისხლის ნაყოფი და მთელი ხალხის ადგილზე ყოფნის მიღწევა იყო.
დღეიდან ჩვენ ერთად დავრჩებით. იქნება ეს დიპლომატიის სფერო, თავდაცვის სფერო, ქუჩა თუ მომსახურების მიწოდების სფერო“, - აცხადებს ირანის პრეზიდენტი.
ამასთან, ირანის მაღალჩინოსნები შეთანხმებას კიდევ უფრო მკვეთრი შეფასებებით გამოეხმაურნენ. პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მუჰამედ რეზა არეფმა განაცხადა, რომ „ირანის ერა დაიწყო“, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოში აღნიშნეს, რომ აშშ-მა „ისტორიული მარცხი განიცადა“.