ორბანის 16 წლიანი მმართველობა და გადამწყვეტი არჩევნები - უნგრეთი გზაგასაყარზეა

10.04.26 20:35
ორბანის 16 წლიანი მმართველობა და გადამწყვეტი არჩევნები - უნგრეთი გზაგასაყარზეა

მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები, მედია, სასამართლო და სამოქალაქო სექტორი; კორუფცია, ნეპოტიზმი და რუსეთისგან ინსპირირებული ოლიგარქიული მმართველობა — ასე აფასებენ კრიტიკოსები ვიქტორ ორბანი-ის 16 წლიან მმართველობას.

უნგრეთი გადამწყვეტ ეტაპზეა — ქვეყანა არჩევანის წინაშე დგას: გააგრძელოს არსებული კურსი, რომელიც, ოპონენტების შეფასებით, რუსულ გავლენებთან ასოცირდება, თუ დაბრუნდეს ევროპული დემოკრატიის გზაზე. სწორედ ამ კონტექსტში აფასებენ 12 აპრილის არჩევნებს როგორც ერთგვარ „რეფერენდუმს“ ქვეყნის მომავლის შესახებ. ასე აყალიბებს დღის წესრიგს ორბანის მთავარი ოპონენტი, პიტერ მაგიარი.

საზოგადოება მკვეთრად პოლარიზებულია. ერთი ნაწილი ორბანის მმართველობით დაღლილია და ცვლილებებს მოითხოვს, მეორე ნაწილზე კი ხელისუფლების პროპაგანდამ გავლენა მოახდინა — მათ შორის არსებობს შიში, რომ პროევროპული კურსის არჩევა ქვეყანას კონფლიქტსა და არასტაბილურობაში ჩაითრევს.

ოპოზიციის მხარდამჭერები განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ კორუფციაზე. მათი თქმით, კორუფციული სქემების კვალი არაერთ შემთხვევაში მმართველი ელიტის, მათ შორის ორბანის გარემოცვასთან მიდის.

მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული შეფასებებით, უნგრეთში წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სისტემა, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას აძლევს. ამის ერთ-ერთ მაგალითად ხშირად სახელდება ორბანის ბავშვობის მეგობარი, ლორინც მეცაროში, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ქონება სახელმწიფო ტენდერებისა და ხელისუფლებასთან სიახლოვის ფონზე დააგროვა.

არჩევნების შედეგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ კურსს — დარჩება თუ არა უნგრეთი არსებული მმართველობის პირობებში, თუ შეცვლის მიმართულებას ევროპული ინტეგრაციისკენ.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.