დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის ბლოკირება დააანონსა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის ბლოკირება დააანონსა და განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალები ყველა იმ გემის გადაადგილებას შეზღუდავენ, რომელიც სრუტეში შესვლას ან მის დატოვებას შეეცდება.
ტრამპის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია ირანის მხრიდან სრუტის ექვსკვირიანი ბლოკირების საპასუხოდ. განცხადება მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ პროცესში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა პაკისტანში გამართულ მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად რიგ საკითხებზე მიღწეული შეთანხმებისა, მთავარი — ბირთვული იარაღის თემა, დაურეგულირებელი დარჩა, რის გამოც მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩაიშალა.
ტრამპის განცხადებით, გარკვეულ ეტაპზე სრუტის გავლა გემებისთვის კვლავ შესაძლებელი გახდება, თუმცა მანამდე აუცილებელია ტერიტორიის ირანული ნაღმებისგან გაწმენდა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დააანონსა ზომების გამკაცრება იმ სამოქალაქო გემების მიმართაც, რომლებმაც ირანს გადაუხადეს თანხა სრუტეში შეუფერხებლად გავლის სანაცვლოდ. მისი თქმით, ამერიკული ფლოტი საერთაშორისო წყლებში მსგავსი გემების იდენტიფიცირებასა და შეჩერებას დაიწყებს.
ტრამპი აცხადებს, რომ ირანს არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს სარგებელი, რასაც ის „უკანონო შანტაჟს“ უწოდებს.