არჩევნები უნგრეთში - ოპოზიციური პარტია „ტისა“ კენჭისყრის შედეგებით ლიდერობს

12.04.26 23:37
არჩევნები უნგრეთში - ოპოზიციური პარტია „ტისა“ კენჭისყრის შედეგებით ლიდერობს

უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პეტერ მადიარას ოპოზიციური პარტია „ტისა“ დამაჯერებლად ლიდერობს და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას უახლოვდება.

ხმების 60%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, „ტისა“ სავარაუდოდ 199-დან 136 მანდატს მიიღებს, მაშინ როცა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მმართველი პარტია „ფიდესი“ მხოლოდ 56 მანდატზეა ორიენტირებული. კიდევ 7 ადგილი შესაძლოა პარტიამ „ჩვენი სამშობლო“ დაიკავოს.

ვიქტორ ორბანმა უკვე მიულოცა პეტერ მადიარას გამარჯვება და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები ნათელია, თუმცა „მტკივნეულია“. მისი თქმით, „ფიდესი“ ქვეყნის სამსახურს ოპოზიციიდანაც გააგრძელებს.

მანამდე თავად მადიარამაც დაადასტურა, რომ ორბანმა მას ტელეფონით მიულოცა გამარჯვება.

არჩევნებში საერთო ჯამში ხუთი პარტია მონაწილეობდა, თუმცა მთავარი ბრძოლა ორ ძალას შორის მიმდინარეობდა — 16 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფ „ფიდესსა“ და ოპოზიციურ „ტისას“ შორის. დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევები წინასწარ სწორედ ოპოზიციის გამარჯვებას პროგნოზირებდა.

არჩევნების დასრულებამდე ორი საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ მაჩვენებელს — 74,23%-ს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები