CNN: „ტისასთვის“ 133 მანდატი გადამწყვეტი ზღვარია — სუპერუმრავლესობა კონსტიტუციის შეცვლის საშუალებას იძლევა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ოპოზიციური პარტია „ტისა“ პარლამენტში მინიმუმ 133 მანდატის მოპოვებას ცდილობს — როგორც CNN წერს, ეს რაოდენობა სუპერუმრავლესობისთვის კრიტიკულია და კონსტიტუციური ცვლილებების შესაძლებლობას განსაზღვრავს.
როგორც CNN აღნიშნავს, 199-ადგილიან პარლამენტში 133 მანდატის მოპოვება „ტისას“ მისცემს შესაძლებლობას, შეცვალოს ქვეყნის კონსტიტუცია და განახორციელოს ფართომასშტაბიანი რეფორმები.
სწორედ ეს ბერკეტი აქტიურად გამოიყენა ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“, რომელმაც ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა სუპერუმრავლესობა.
ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ 2010 წელს, მან სრულად გადახედა ქვეყნის კონსტიტუციას, ხოლო 2011 წელს მისმა მთავრობამ მიიღო ე.წ. „ფუნდამენტური კანონი“, რომელმაც მედიის თავისუფლებაზე შეზღუდვები დააწესა და მოსამართლეების საპენსიო ასაკი შეამცირა. კრიტიკოსების შეფასებით, ეს ცვლილებები ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას, მისთვის არასასურველი მოსამართლეები სისტემიდან გაეყვანა.
ანალიტიკოსების შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ „ტისა“ სუპერუმრავლესობას ვერ მოიპოვებს, მას ქვეყნის ეფექტიანად მართვა მნიშვნელოვნად გაუჭირდება.