ჩვენ ავაშენებთ უფრო ჰუმანურ უნგრეთს! - მადიარო

13.04.26 09:57
ჩვენ ავაშენებთ უფრო ჰუმანურ უნგრეთს! - მადიარო

ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი ბუდაპეშტში, ბატიანის მოედანზე, ათასობით მხარდამჭერის წინაშე გამოვიდა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი სიტყვით გამოსვლა Facebook-ის გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

მადიარის განცხადებით, „ტისამ“ უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვა და ქვეყანა „დაიბრუნა“.

„ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა. მოვიპოვეთ უპრეცედენტო მანდატი,“ – განაცხადა მან.

მისი პროგნოზით, პარტიას პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების რეალური შანსი აქვს. მადიარის თქმით, დემოკრატიული უნგრეთის ისტორიაში მსგავსი მასშტაბის გამარჯვება აქამდე არ დაფიქსირებულა.

ოპოზიციური ლიდერის ინფორმაციით, მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში გაიმართება, სადაც პოლონურ-უნგრული ურთიერთობების გაძლიერებაზე იმუშავებს. შემდგომ ვიზიტებად მადარი ვენასა და ბრიუსელს განიხილავს, სადაც ევროკავშირის ფინანსური რესურსების მოზიდვას გეგმავს.

მისივე თქმით, ხმების 92%-ის დათვლის შემდეგ, „ტისას“ 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატის მოპოვების შანსი აქვს.

„მადლობას ვუხდი 3,3 მილიონ ამომრჩეველს. ჩვენ ავაშენებთ უფრო ჰუმანურ უნგრეთს თითოეული მოქალაქისთვის,“ – განაცხადა მადიარმა მხარდამჭერებთან მიმართვისას.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ახალ სტატუსში ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება „ვისეგრადის ოთხეულის“ ფარგლებში თანამშრომლობის განახლება, გაძლიერება და, საჭიროების შემთხვევაში, გაფართოება.