ჰორმუზის სრუტის ბლოკადა: ბრიტანეთმა ტრამპის გეგმებში მონაწილეობაზე უარი თქვა – Bloomberg

13.04.26 10:12
ჰორმუზის სრუტის ბლოკადა: ბრიტანეთმა ტრამპის გეგმებში მონაწილეობაზე უარი თქვა – Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გეგმების გამოცხადებას მოკავშირე ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა ამ ეტაპზე არ მოჰყოლია. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, რიგი სახელმწიფოები არ აპირებენ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას.

Bloomberg-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი არ ჩაერთვება აშშ-ის მიერ შეთავაზებულ ბლოკადაში, რაც ირანის საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონსა და ლონდონს შორის კიდევ ერთ უთანხმოებას აჩენს. ამასთან, ბრიტანეთი განიხილავს მხოლოდ სრუტის გახსნასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დახმარებას, მათ შორის უპილოტო სისტემების გამოყენებას ნაღმების აღმოჩენისთვის, თუმცა ეს ინიციატივა ტრამპის გეგმებისგან დამოუკიდებელია.

მედიის ცნობით, უახლოეს დღეებში დაგეგმილია მოკავშირე ქვეყნების შეხვედრა, სადაც ჰორმუზის სრუტის გახსნის გზებს განიხილავენ. მიუხედავად ამისა, მონაწილე ქვეყნების დიდი ნაწილი არ არის მზად, სამხედრო-საზღვაო ძალები ჩართოს, ვიდრე კონფლიქტთან დაკავშირებით მყარი სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული. მათი შეფასებით, სრუტის სამხედრო გზით გახსნა ნაკლებად რეალისტურია.

CNN-ის ინფორმაციით, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ აშშ-ს მისი ქვეყნისთვის ბლოკადაში მონაწილეობის თხოვნით არ მიუმართავს. მისი თქმით, ტრამპის განცხადება ერთპიროვნულად გაკეთდა.

ამ ფონზე, დონალდ ტრამპი აგრძელებს მოკავშირეების კრიტიკას და მათგან უფრო აქტიურ ჩართულობას ითხოვს ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კონფლიქტში. ბოლო ინტერვიუში მან კვლავ გააკრიტიკა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და მისი პოზიცია „ნევილ ჩემბერლენის ტიპის განცხადებად“ შეაფასა.

მსგავსი სიახლეები