აშშ ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამავალი საზღვაო მიმოსვლის სრულ ბლოკირებას იწყებს

13.04.26 10:19
აშშ ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამავალი საზღვაო მიმოსვლის სრულ ბლოკირებას იწყებს

აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით, 13 აპრილს ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამავალი საზღვაო მიმოსვლის სრული ბლოკირება დაიწყება. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების განცხადებით, შეზღუდვები ძალაში შევა აღმოსავლეთ ამერიკის დროით 10:00 საათზე. ბლოკადა გავრცელდება ყველა ქვეყნის გემებზე, რომლებიც ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შედიან ან ტოვებენ მათ, მათ შორის არაბეთისა და ომანის ყურეებში მდებარე ყველა ირანულ პორტზე.

ამასთან, CENTCOM განმარტავს, რომ არ შეიზღუდება ნაოსნობის თავისუფლება იმ გემებისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტით გადაადგილდებიან და არაირანულ პორტებს უკავშირდებიან.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბლოკადის დაწყებამდე სავაჭრო ფლოტის წარმომადგენლებს დამატებითი ინფორმაცია ოფიციალური შეტყობინებების სახით მიეწოდებათ. მეზღვაურებს რეკომენდაცია ეძლევათ, ყურადღებით დააკვირდნენ შესაბამის საინფორმაციო არხებს და საჭიროების შემთხვევაში, გადაადგილებისას დაუკავშირდნენ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს საერთაშორისო საკომუნიკაციო არხზე.