მადიარის გზა გამარჯვებამდე
გაბედე, ნუ გეშინია! - იოანე პავლე II-ის ეს სიტყვები, პეტერ მადიარის საარჩევნო კამპანიის მთავარ ლოზუნგად იქცა. 70-იანი წლების ბოლოს, კომუნიზმში მცხოვრები ხალხისადმი მიძღვნილი გზავნილით, ახლგაზრდა უნგრელი პოლიტიკოსი ერთ დროს თანამოაზრე, გავლენიან პრემიერს დაუპირისპირდა და მოკლე დროში უნგრეთის პოლიტიკა თავდაყირა დააყენა.
4 კვირის წინ უნგრეთის ეროვნულ დღესასწაულზე გამართული დიდი შეკრება პეტერ მადიარის საარჩევნო კამპანიის კულმინაცია იყო. პოლიტიკურმა ლიდერმა აქცენტი 1848 წლის რევოლუციის სიმბოლიზმზე გააკეთა და დასვა კითხვა - "ვართ ქვეშევრდომები თუ თავისუფალი მოქალაქეები?" - თუმცა იქამდე იყო 2-წლიანი საარჩევნო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მადიარმა პრაქტიკულად უნგრეთის ყველა სოფელი ფეხით მოიარა.
თვეების მანძილზე, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრით, მათ ყოველდღიურ პრობლემებში გარკვევით და დახმარებით 45 წლის მადიარი სახალხო პოლიტიკოსად მალევე იქცა. თუ უნგრელებისთვის ვიქტორ ორბანი ასოცირდებოდა ძალაუფლებასთან და შორიდან მართვასთან, მადიარი გახდა პოლიტიკოსი, რომელიც მათთან მივიდა, მათთან ერთად აცხობდა პურს, ჩართული იყო სპორტულ აქტივობებში და იქცეოდა როგორც რიგითი მოქალაქე. მან დაამსხვრია ყველა მითი პოლიტიკოსზე, ამომრჩევლისთვის მარტივი დასანახი გახდა კონტრასტი მადიარსა და ორბანის პოლიტიკურ ძალას შორის.