ირანის ბლოკადა სრულად განხორციელდა - აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურის, ბრედ კუპერის განცხადებით, ირანის ბლოკადა სრულად არის განხორციელებული.
მისი თქმით, ბლოკადა 36 საათზე ნაკლებ დროში განხორციელდა - "აშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო უპირატესობას ინარჩუნებს“.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ბლოკადის ამოქმედებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში არცერთ გემს არ გაუვლია შეზღუდული ზონა. მათივე ცნობით, ჰორმუზის სრუტეში გემები, რომლებიც არ მიემართებიან ირანის პორტებისკენ, ამერიკული ძალების მხარდაჭერით სარგებლობენ.
საპასუხოდ, ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის მიმართ მუქარები „მსოფლიოსთვის ფართომასშტაბიან შედეგებს“ გამოიწვევს.
სარდლობის განცხადებით, ირანის მიმართ დაწესებულმა საზღვაო ბლოკადამ პრაქტიკულად სრულად შეაჩერა ქვეყნისკენ და ქვეყნიდან საზღვაო გზით მიმდინარე ეკონომიკური ვაჭრობა.
ცნობისთვის, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა 13 აპრილს ამოქმედდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბლოკადა ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით არაბეთის ზღვაში მოქმედებს და დროშის მიუხედავად ყველა გემზე ვრცელდება.