მედია: რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
17 აპრილის ღამეს, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის დროს, ერთ-ერთმა რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია - როგორც მედია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რუმინეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სასაზღვრო ზონაში ორი საჰაერო სამიზნე დააფიქსირეს და ერთ-ერთი მათგანი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რადიოლოკაციური სიგნალი ტულჩეის ოლქში, სოფელ ჩილია-ვეჩედან სამხრეთ-აღმოსავლეთით 16 კილომეტრში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაიკარგა. რუმინელი სამხედრო მოსამსახურეები აღნიშნულ ტერიტორიაზე სამძებრო ოპერაციას განახორციელებენ.
სამინისტრომ რუსეთის ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ „ეს საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს“.