მადიარი: თუ გაქვთ ინფორმაცია დოკუმენტების განადგურების შესახებ, შეგვატყობინეთ
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მადიარმა, განცხადება გააკეთა და მოუწოდა იმ პირებს, რომლებიც, მისი თქმით, დოკუმენტების შესაძლო განადგურებასთან არიან დაკავშირებული ან ასეთ ფაქტებზე ფლობენ ინფორმაციას, დეტალები გაასაჯაროონ.
მადიარის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში დოკუმენტების მასშტაბური განადგურება მიმდინარეობს. მან მოქალაქეებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულებს მიმართა, რომ მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია პარტია „ტისას“ მიაწოდონ და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მასალებიც გადასცენ.
„თუ გაქვთ ინფორმაცია დოკუმენტების განადგურების შესახებ, გთხოვთ, შეგვატყობინოთ და გამოგვიგზავნოთ ის დოკუმენტები, რომელთა განადგურების დავალებაც მიიღეთ“, — განაცხადა მადიარმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მადიარმა განაცხადა, თითქოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანადგურებდა. მისი თქმით, აღნიშნული პროცესები უკვე მიმდინარეობს, თუმცა ამით, მადიარის შეფასებით, პასუხისმგებლობის თავიდან არიდება ვერ მოხდება.