თუ ჰორმუზის სრუტეს გავხსნით, ირანთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ - ტრამპი

22.04.26 10:10
თუ ჰორმუზის სრუტეს გავხსნით, ირანთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის პოზიცია ჰორმუზის სრუტის საკითხზე ეკონომიკურ ინტერესებს უკავშირდება და არა რეალურ სამხედრო გადაწყვეტილებას.

ტრამპის თქმით, თეირანი ცდილობს სრუტის გახსნით მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი მიიღოს, თუმცა პარალელურად იყენებს დახურვის თემას როგორც პოლიტიკურ ბერკეტს. მისივე შეფასებით, ეს რიტორიკა მიზნად ისახავს საერთაშორისო წნეხის შემცირებას და შიდა იმიჯის შენარჩუნებას.

„ირანს არ სურს ჰორმუზის სრუტის დახურვა, მათ სურთ მისი გახსნა, რათა დღეში 500 მილიონი დოლარი გამოიმუშაონ (შესაბამისად, რასაც კარგავენ, თუ ის იხურება!). ისინი მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ სრუტის დახურვა სურთ, რომ მე ის სრულიად ბლოკირებული მაქვს (დაკეტილი!), ამიტომ მათ უბრალოდ „სახის შენარჩუნება“ სურთ“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ტრამპი ასევე ამტკიცებს, რომ სრუტის შესაძლო გახსნა პირდაპირ გავლენას მოახდენს ირანთან მოლაპარაკებების პერსპექტივაზე და შეთანხმების მიღწევას მნიშვნელოვნად გაართულებს.

„ოთხი დღის წინ ხალხმა მომმართა და მითხრა: „ბატონო, ირანს სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა სურს“. მაგრამ თუ ამას გავაკეთებთ, ირანთან შეთანხმება ვერასდროს იქნება, თუ მათი ქვეყნის დანარჩენ ნაწილს, მათ შორის ლიდერებს, არ ავაფეთქებთ!“- აღნიშნა ტრამპმა.