ზელენსკის თქმით, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დამტკიცების თაობაზე კენჭისყრის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ზელენსკიმ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ კენჭისყრის შედეგებს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, 23 აპრილს უნდა ველოდოთ.
შესაბამისი პროცედურა დღეს დაიწყო. რა თქმა უნდა, შედეგების მოლოდინი მხოლოდ ხვალ შეიძლება. ხვალ ამ განხილვებისა და გადაწყვეტილებების პროცედურა დასრულდება," - თქვა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს არაერთმა ევროპულმა და უკრაინულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია სესხის დამტკიცების შესახებ.
როგორც ცნობილია, ოთხშაბათს შუადღისას ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაიწყო წერილობითი პროცედურა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შესახებ. დაწყებული პროცედურა 23 აპრილს, კიევის დროით 13:00 საათამდე გაგრძელდება.