EU ორბანის გარეშე - ევროგაერთიანება უკრაინას 90 მლრდ-იან დახმარებას აძლევს, რუსეთს კი ახალ სანქციებს უანონსებს

24.04.26 21:01
EU ორბანის გარეშე - ევროგაერთიანება უკრაინას 90 მლრდ-იან დახმარებას აძლევს, რუსეთს კი ახალ სანქციებს უანონსებს

რამდენიმე თვიანი, ხანგრძლივი და დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მიიღებს, ხოლო მოსკოვი სანქციების მე-20, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტის ამოქმედებას ელოდება. გადაწყვეტილება კვიპროსში, ევროპელი ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე მიიღეს.

ევროკავშირის ფინანსური დახმარება თებერვლიდან უნგრეთის მიერ იყო დაბლოკილი. ამასთან, სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას ასევე აფერხებდნენ უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც თანხმობის სანაცვლოდ უკრაინისგან კონკრეტულ პირობებს ითხოვდნენ — მათ შორის, „დრუჟბას“ მილსადენის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენასა და რუსული ნავთობის ტრანზიტის განახლებას.

შედეგად, აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება უკრაინისთვის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად იქცა, რათა დაეძლია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვეტო და მიეღო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა.

ევროკავშირში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ახალი რეალობის ჩამოყალიბებაზე მიუთითებს. ბრიუსელი რუსეთზე ფინანსურ და ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს და უკვე სანქციების 21-ე პაკეტის მიღებისთვის ემზადება. ახალი შეზღუდვები მოიცავს დამატებით სექტორებსა და ინსტრუმენტებს, რაც რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლას კიდევ უფრო გაამწვავებს.

ევროკომისიის წარმომადგენლების განცხადებით, სანქციების პოლიტიკა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ შეწყვეტს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები