რისი ეშინია დიქტატორს - ზელენსკი მსოფლიო ლიდერების გარემოცვაში, პუტინი ბუნკერში
ვლადიმერ პუტინი სრულ პანიკაშია - რუსეთის პრეზიდენტს შიდა შეთქმულების და გადატრიალების შიში აქვს. ამის შესახებ ლატვიაში რეგისტრირებული რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემა важные истории წერს. ანგარიში, ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის მიერ არის მომზადებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსი დიქტატორი მნახველებსაც კი დიდი სიფრთხილით არჩევს. ვიდრე მის დაცულ რეზიდენციაში ვინმე შევა, ჯერ ორ დონიანი შემოწმება უნდა გაიაროს.
სად არის ვლადიმერ პუტინი? - არაერთი ინფორმაციაა გავრცელებული იმის შესახებ, რომ ის რუსეთში მდებარე ერთ-ერთ ბუნკერში იმალება. არ იყენებს მობილურ ტელეფონს და არ სარგებლობს ინტერნეტით, ანუ პუტინი ახლა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ანგარიშის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა შეზღუდვები დაუწესა მზარეულებს, ფოტოგრაფებს და დაცვის თანამშრომლებსაც კი.
პუტინს დღეიდან შიშის ახალი საფუძველი აქვს - 9 მაისის აღლუმის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ გამორიცხა, რომ უკრაინულმა დრონებმა ამ დღეს მოსკოვს გადაუფრინონ. 2026 წლის აღლუმზე, წითელ მოედანზე არ გაატარებენ სამხედრო ტექნიკას, არ იქნება არც ტანკები და არც სარაკეტო სისტემები. მაქსიმალურად არის შემცირებული სტუმართა და მონაწილეთა რაოდენობაც. გავრცელებული ინფორმაციით, აღლუმში ზოგიერთი სამხედრო სასწავლებელი და კადეტთა ჯგუფები მონაწილეობას არ მიიღებენ. კრემლმა ტერორისტული საფრთხით ახსნა სამხედრო ტექნიკის გარეშე 9 მაისის აღლუმის ჩატარება.