Der Spiegel: 9 მაისის აღლუმამდე რამდენიმე დღით ადრე კრემლმა უცხოურ მედიასაშუალებებს მოსკოვში აკრედიტაცია გაუუქმა

08.05.26 16:59
Der Spiegel: 9 მაისის აღლუმამდე რამდენიმე დღით ადრე კრემლმა უცხოურ მედიასაშუალებებს მოსკოვში აკრედიტაცია გაუუქმა

9 მაისის აღლუმამდე რამდენიმე დღით ადრე კრემლმა უცხოურ მედიასაშუალებებს მოსკოვში აკრედიტაცია გაუუქმა. გერმანული გამოცემა Der Spiegel წერს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უკვე გაცემული ნებართვები უკან გაიწვია და აღლუმის გაშუქების უფლება მხოლოდ რუსულ მედიას დაუტოვა.

Spiegel-ის ინფორმაციით, აკრედიტაციაზე უარი უთხრეს ARD-ს, ZDF-ს, Sky-ს, AFP-ს, იტალიურ Rai-სა და იაპონურ NHK-ს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევა პირველად მოხდა — უცხოურ მედიას თავდაპირველად მონაწილეობა დაუდასტურეს, თუმცა მოგვიანებით მიწვევები გააუქმეს.

„არსებული სიტუაციის გამო აღლუმის გაშუქების ფორმატი შეიცვალა. შესაბამისად, უცხოური მედია არ დაიშვება“, — ციტირებს Spiegel-ი კრემლის ოფიციალურ შეტყობინებას.

პარალელურად, რუსეთმა 8-10 მაისისთვის „ცეცხლის შეწყვეტა“ გამოაცხადა, თუმცა უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსკოვი ამ დღეებშიც აგრძელებდა უკრაინული ქალაქების დაბომბვას.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევმა რუსეთს სრული სიჩუმის რეჟიმი ჯერ კიდევ 6 მაისიდან შესთავაზა, თუმცა პასუხად მხოლოდ ახალი იერიშები და მუქარები მიიღო. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს 9 მაისის ღონისძიებაზე ჩასვლას სთხოვს, მაშინ როცა ომი კვლავ გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, წელს 9 მაისის აღლუმზე რუსეთი მძიმე სამხედრო ტექნიკის გამოყვანას აღარ გეგმავს, რაც წინა წლებისგან განსხვავებული ფორმატი იქნება.