რუსულმა დრონმა თურქული სატვირთო გემი დაბომბა — ოდესიდან თურქეთისკენ მიმავალ ხომალდზე ხანძარი გაჩნდა
ღამით რუსეთმა მიზანმიმართული დარტყმა განახორციელა დრონით თურქულ სატვირთო გემზე, რომელიც ოდესის პორტიდან თურქეთის მიმართულებით მიემართებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, თავდასხმის სამიზნე გახდა მშრალი ტვირთმზიდი ANT, რომელიც ვანუატუს დროშის ქვეშ ცურავდა (გემის მფლობელი ქვეყანა თურქეთია) და ოდესის ოლქის ერთ-ერთი პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა.
დრონის მოხვედრის შედეგად გემის ზედა კონსტრუქციაში ხანძარი გაჩნდა, თუმცა უკრაინის საზღვაო სამძებრო-სამაშველო სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების დანაყოფებმა ცეცხლის სწრაფად ლოკალიზება შეძლეს.
თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა. ისინი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კატერებით ოპერატიულად იქნენ ევაკუირებული და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.