რუსული დრონი რუმინეთში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა — აფეთქებისა და ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

29.05.26 10:21
რუსული დრონი რუმინეთში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა — აფეთქებისა და ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

რუმინეთის ქალაქ გალაცში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დრონი დაეცა. აპარატი შენობის მე-10 სართულზე მდებარე ბინას მოხვდა, რამაც აფეთქება და შემდგომ ხანძარი გამოიწვია. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ქალაქ გალაცის საგანგებო სიტუაციების ინსპექტორატი (ISU) ავრცელებს.

მოგვიანებით რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კორპუსზე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი რუსული წარმოების იყო. უწყების განცხადებით, 29 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინის საზღვართან მდებარე სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დრონებით შეტევა განახორციელა, რომლის დროსაც ერთ-ერთმა უპილოტო აპარატმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და გალაცში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა.

რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვითარების საპასუხოდ 01:19 საათზე ფეტეშტის ავიაბაზიდან ორი გამანადგურებელი აფრინდა. სამხედრო მფრინავებს სამიზნის განადგურების ნებართვა ჰქონდათ, ხოლო დრონის აღმოჩენის შემდეგ ტულჩის, გალაცისა და ბრეილის ოლქების მოსახლეობა Ro-Alert-ის საგანგებო შეტყობინებების სისტემის მეშვეობით გააფრთხილეს.

რუმინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ინციდენტთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა გრძელდება და დამატებითი ოფიციალური ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება.