უკრაინა: რუსეთმა ერთ ღამეში 700-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაუშვა, მთავარი სამიზნე კიევი იყო

02.06.26 10:32
უკრაინა: რუსეთმა ერთ ღამეში 700-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაუშვა, მთავარი სამიზნე კიევი იყო

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ქვეყანას 656 უპილოტო საფრენი აპარატითა და 73 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტიეს.

უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მტრის მიერ გაშვებული 729 სამიზნიდან 642 გაანადგურა. მათ შორის არის „ისკანდერ-М“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები, Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები, „კალიბრის“ რაკეტები და ასეულობით დრონი.

შეტევის მთავარი მიმართულება კიევი იყო, თუმცა დარტყმები განხორციელდა ასევე დნიპროს, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, პოლტავის ოლქისა და სხვა რეგიონების წინააღმდეგ.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, 38 სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსირდა ბალისტიკური რაკეტების, ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების პირდაპირი დარტყმები, ხოლო კიდევ 15 ადგილზე ჩამოგდებული უპილოტო აპარატების ნამსხვრევები ჩამოვარდა.