პეტერბურგში, სადაც ეკნომიკური ფორუმი უნდა გაიხსნას, დრონებით შეტევა განხორციელდა - სამიზნე ნავთობტერმინალი და სამხედრო საწარმო იყო
სანქტ-პეტერბურგში, სადაც საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნისთვის ემზადებიან, ღამით უკრაინული დრონების შეტევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კადრების მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა ადგილობრივი ნავთობტერმინალი, რომელიც ბალტიის ზღვაზე ნავთობპროდუქტების გადატვირთვის ერთ-ერთ უმსხვილეს ობიექტად ითვლება.
შეტევა განსაკუთრებით სიმბოლურ ფონზე განხორციელდა, რადგან ეკონომიკური ფორუმი სწორედ დღეს იწყება, ხოლო უახლოეს დღეებში ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, გამოსვლაც არის დაგეგმილი. ინციდენტმა დამატებითი ყურადღება მიიპყრო როგორც რუსულ, ისე საერთაშორისო მედიაში.
ამასთან, გავრცელებული ცნობებით, უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა ტამბოვის ოლქის ქალაქ მიჩურინსკში მდებარე საწარმო „პროგრესი“. კომპანია სპეციალიზდება სარაკეტო და საავიაციო მართვის სისტემებისთვის მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების წარმოებაში და რუსეთის თავდაცვით ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული.
ამ ეტაპზე ოფიციალური უწყებები შეტევების შედეგებისა და შესაძლო ზარალის შესახებ სრულ ინფორმაციას არ ავრცელებენ. უკრაინულ მხარეს აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.