მარკ რუტე რუს სამხედროებს: „არ წახვიდეთ უკრაინაში საომრად — მოკვდებით ან დაგჭრიან“
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ რუს სამხედროებსა და პოტენციურ ახალწვეულებს მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინაში საომრად წასვლა მათთვის მძიმე შედეგებით დასრულდება. მისი თქმით, რუსული პროპაგანდა მოქალაქეებს მცდარ ინფორმაციას აწვდის და ფრონტზე არსებული რეალური ვითარების დამალვას ცდილობს.
„არ წახვიდეთ უკრაინაში საომრად. მოკვდებით, ან დაიჭრებით და სიკვდილისთვის მიგატოვებენ ტალახში. რუსული პროპაგანდა იტყუება, როდესაც საკუთარ მოქალაქეებს არწმუნებს, რომ ფრონტზე წარმატებებს აღწევენ“, — განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს რუტემ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ყოველთვიურად საშუალოდ დაახლოებით 30 ათას სამხედრო მოსამსახურეს კარგავს. მისი განცხადებით, ეს მაჩვენებელი რუსეთისთვის უკიდურესად მძიმე დანაკარგებს ასახავს.
რუტეს თქმით, არსებული მონაცემები შოკისმომგვრელია.
„პუტინი ერთ თვეში საშუალოდ 30 ათას ჯარისკაცს კარგავს. ეს ნიშნავს, რომ ერთ თვეში რუსეთი უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში 1980-იან წლებში. ეს სრულიად შოკისმომგვრელი ციფრებია“, — აღნიშნა მან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ალიანსი უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს და რუსეთის სამხედრო დანაკარგები, მისი შეფასებით, კრემლის მიერ წარმოებული ომის მაღალი ფასის მაჩვენებელია.