უკრაინულმა დრონებმა ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომებს დაარტყეს — არიან დაღუპულები და დაშავებულები

04.06.26 10:31
უკრაინულმა დრონებმა ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომებს დაარტყეს — არიან დაღუპულები და დაშავებულები

4 ივნისის ღამეს უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლსა და სევასტოპოლზე იერიში მიიტანეს. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა გვარდეისკოეს, ბელბეკისა და საკის სამხედრო აეროდრომების მიმდებარე ტერიტორიებზე.

სევასტოპოლის ე.წ. „გუბერნატორმა“ მიხაილ რაზვოჟაევმა თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 20-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, ქალაქში საჰაერო განგაში თითქმის ხუთი საათის განმავლობაში მოქმედებდა.

რაზვოჟაევის განცხადებით, თავდასხმის შედეგად მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ჩამოგდებული უპილოტო აპარატების ნამსხვრევებმა რამდენიმე შენობა დააზიანა. სხვა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

მოსკოვის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ სიმფეროპოლში არასაცხოვრებელ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ შვიდი დაშავდა. თუმცა, მან არ დაასახელა კონკრეტულად რომელი ობიექტები დაზიანდა და მხოლოდ აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად სიმფეროპოლის არასაცხოვრებელი ნაწილი დაზარალდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. უკრაინულ მხარეს აღნიშნულ თავდასხმაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.